ფინანსურ დოკუმენტებში ხშირად გვხვდება სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც თითქოს გასაგებია, მაგრამ ხელშეკრულებაში მათი ზუსტი დატვირთვა შესაძლოა ზოგადი განმარტებისგან განსხვავდებოდეს. მაგალითად, უმეტესობამ იცის რას ნიშნავს „პროცენტი“, „გირაო“, „საკომისიო“ ან „კონვერტაცია“, მაგრამ შესაძლოა ზუსტად არ ესმოდეს რას გულისხმობს კონკრეტული დოკუმენტის კონტექსტში. არადა თითოეული ეს ტერმინი გავლენას ახდენს იმაზე, საბოლოოდ რა თანხა უნდა გადაიხადოს მომხმარებელმა და რა ვადაში.
ტერმინების ზუსტი განსაზღვრების ცოდნა განსაკუთრებით გამოსადეგია სესხის აღების, ვალუტის გაცვლისა და ფულადი გზავნილის დროს. მაგალითად, ნომინალური საპროცენტო განაკვეთი და ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ორი სხვადასხვა მაჩვენებელია.
ამ ბლოგში განვიხილავთ 15 ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ ტერმინს, რომელთა მნიშვნელობაც ყველამ უნდა იცოდეს, სანამ რაიმე ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.
ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ტერმინები
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ფინანსური ინსტიტუტისგან იღებთ მომსახურებას. იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია თუ სხვა ფინანსური დაწესებულება, ქვემოთ ჩამოთვლილი ტერმინებისგან რომელიმე მაინც აუცილებლად შეგხვდებათ ხელშეკრულებაში. მათი ცოდნა დაგეხმარებათ უკეთ გაერკვეთ პირობებში და დაგიცავთ იმ ტიპური პრობლემებისგან, რომელიც ხშირად გაუგებრობით იქმნება.
1. სესხის ძირი
სესხის ძირი არის თანხა, რომელიც მომხმარებელმა ისესხა და ჯერ არ დაუფარავს. ის არ უნდა აგვერიოს მთლიან დავალიანებაში, რადგან დასაფარ თანხაში დამატებით შედის დარიცხული პროცენტი, საკომისიო და, ზოგჯერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ხარჯიც. როცა სესხის ძირი მცირდება, პროცენტის თანხაც შეიძლება შეიცვალოს.
2. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი
ნომინალური საპროცენტო განაკვეთი აჩვენებს, რა პროცენტი ერიცხება სესხის ძირითად თანხას (ძირს). ამ მაჩვენებელში არ შედის სესხთან დაკავშირებული სხვა ხარჯი. შეთავაზების შეფასებისას ნომინალური განაკვეთი ერთ-ერთი საწყისი მაჩვენებელია, მაგრამ არ ქმნის სრულ სურათს.
3. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი სესხის ღირებულების უფრო ფართო შეფასებისთვის გამოიყენება. მასში ნომინალურ პროცენტთან ერთად გათვალისწინებულია სესხთან დაკავშირებული აუცილებელი ფინანსური ხარჯები და მათი დაფარვის სავარაუდო დრო. სრულად რა თანხა უნდა დაიფაროს, სწორედ ეფექტური განაკვეთის დათვლის მერე გეცოდინებათ.
4. სესხის შენატანი
სესხის შენატანი არის თანხა, რომელიც მსესხებელმა დაფარვის გრაფიკით განსაზღვრულ კონკრეტულ მონაკვეთში უნდა გადაიხადოს. შენატანი, როგორც წესი, გულისხმობს სესხის ძირის ნაწილსა და პროცენტს. ოდენობა კონკრეტული პროდუქტის პირობებსა და შეთანხმებულ გრაფიკზეა დამოკიდებული.
5. სესხის ვადა
სესხის ვადა არის სრული პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მსესხებელი თანხას ფარავს ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ვადა დიდწილად საზღვრავს შენატანის ოდენობასა და გადახდების რაოდენობას. ანუ დროის ის მონაკვეთი, რომელზეც საერთო სესხის თანხა (ძირი და პროცენტი) ნაწილდება. როგორც წესი ისაზღვრება თვეებში (მაგ. თუ ხელშეკრულება საზღვრავს სესხის ვადას, როგორც 24 თვეს, ეს ნიშნავს, რომ 24 თვის ბოლომდე სესხი სრულად უნდა დაიფაროს).
6. დაფარვის გრაფიკი
დაფარვის გრაფიკი აჩვენებს, როდის და რა თანხაა გადასახდელი. მასში შეიძლება ცალკე ჩანდეს სესხის ძირი, პროცენტი და სხვა ხარჯიც. ხელშეკრულების მიხედვით დაფარვის გრაფიკი შესაძლოა იყოს ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური და ა.შ. ყოველთვიურ დაფარვაზე იშვიათი გრაფიკი დღეს საბანკო სისტემაში თითქმის არ გვხვდება. ხელშეკრულებაზე ხელის მოწერამდე ძალიან ყურადღებით უნდა გაეცნოთ გრაფიკს, რადგან მისი დარღვევა უმეტეს შემთხვევებში დამატებით ჯარიმას ნიშნავს.
7. ანუიტეტი
ანუიტეტი სესხის დაფარვის გრაფიკის სპეციფიკური ფორმაა. გაწერილი ანუიტეტის შემთხვევაში, მსესხებელი წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით იხდის შენატანს, რომელიც ძირსა და პროცენტს მოიცავს. ანუიტეტური გრაფიკით მსესხებელი ერთსა და იმავე თანხას ფარავს ყოველი გადახდისას. სტანდარტული დიფერენცირებული გრაფიკის დროს შენატანი შესაძლოა ეტაპობრივად, ძირის დაფარვის პარალელურად, იცვლებოდეს. ანუიტეტი მსგავს ცვლილებას არ ითვალისწინებს.
8. (სესხის) ტრანში
ტრანშს ფინანსურ კონტექსტში ორი განმარტება აქვს: გასაცემი სესხის ნაწილი ან დასაფარი სესხის ნაწილი. პირველი გულისხმობს, რომ დაწესებულება სესხის თანხას ნაწილებად გასცემს (მაგ. სესხულობთ 10,000 ლარს, მაგრამ სესხი 10 კვირაზე ტრანშებად გაიცემა და კვირაში 1000 ლარს ღებულობთ). მეორე შემთხვევაში კი იგულისხმება სესხის დაფარვის გრაფიკი, როდესაც მსესხებელი კონკრეტულ წილს (ტრანშს) კონკრეტულ ვადამდე ფარავს.
9. გირაო
გირაო არის ქონება ან ნივთი, რომელიც სესხის უზრუნველსაყოფად გამოიყენება. გირაოს ღირებულებას ფინანსური ორგანიზაცია ითვალისწინებს შესაბამისი ტიპის სესხის გაცემისას. მაგალითად, ოქროს ლომბარდი გირაოს პრინციპით გასცემს სალომბარდე სესხს: ძვირფას ნივთს ექსპერტი აფასებს და საფასურის ეკვივალენტ თანხას ამტკიცებს სესხის ლიმიტად. გირაო, როგორც წესი, გამსესხებელთან რჩება და მფლობელი მას სალომბარდე სესხის სრულად დაფარვის შემდეგ იბრუნებს.
10. ვალუტის გაცვლითი კურსი
გაცვლითი კურსი აჩვენებს ერთი ვალუტის ღირებულებას მეორე ვალუტაში. პრაქტიკაში ფინანსური ინსტიტუტი აქვეყნებს ყიდვის კურსს, რომლითაც მომხმარებლისგან ვალუტას ყიდულობს, და გაყიდვის კურსს, რომლითაც მომხმარებელზე ყიდის. ეს ორი მაჩვენებელი განსხვავდება, რადგან ყიდვა და გაყიდვა სხვადასხვა ოპერაციაა და ფინანსური ინსტიტუტი თითოეულის კომერციულ ფასს ინდივიდუალურად ადგენს.
ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი არ არის კომერციული კურსის ეკვივალენტი. ის ბანკთაშორის ბაზარზე დადებული გარიგებების მიხედვით ითვლება და ინდიკატიური დატვირთვა აქვს. ამიტომ კონკრეტულ ბანკებში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში მოქმედი ვალუტის კურსი თითქმის არასდროსაა ეროვნული ბანკის ოფიციალურ კურსთან სრულად იდენტური.
11. კონვერტაცია
კონვერტაცია ერთი ვალუტის მეორეში გადაცვლაა. ის შეიძლება შესრულდეს როგორც ნაღდი, ისე უნაღდო და, ზოგჯერ, თუ ფინანსური ინსტიტუტი ამის საშუალებას იძლევა, შერეული ფორმითაც (მაგ. სალაროში მიგაქვთ ნაღდი ფული, ხოლო კონვერტირებული ვალუტის ეკვივალენტს იღებთ ანგარიშზე). შერეული ფორმის ოპერაციებს, როგორც წესი, გარკვეული დამატებითი მოთხოვნები სდევს, ამიტომ აუცილებლად წინასწარ გაეცანით პირობებს.
12. ფულადი გზავნილი
ფულადი გზავნილი საერთაშორისო ოპერაციაა, რომლის საშუალებითაც თანხა ერთი ქვეყნიდან მეორეში იგზავნება. მსგავსი გზავნილები სრულდება სპეციალური საერთაშორისო გადარიცხვის სისტემების დახმარებით: RIA, Intel Express, Western Union და ა.შ.
13. საკომისიო
საკომისიო არის თანხა, რომელსაც ფინანსური დაწესებულება კონკრეტული მომსახურების ან ოპერაციის შესრულების სანაცვლოდ იღებს. შეიძლება იყოს ფიქსირებული ან ითვლებოდეს პროცენტულად ოპერაციის თანხის მიხედვით.
14. საკრედიტო ისტორია
საკრედიტო ისტორია ასახავს პირის წარსულ და მიმდინარე საკრედიტო ვალდებულებებსა და მათი შესრულების ისტორიას. ფინანსური ორგანიზაცია ამ ინფორმაციას მსესხებლის წარსული ფინანსური ქცევების შესაფასებლად იყენებს. საკრედიტო ისტორიის მიხედვით იქმნება საკრედიტო ქულა. რაც უფრო მაღალია საკრედიტო ქულა, მით უფრო სანდო ჩანს ადამიანი ფინანსური ინსტიტუტის თვალებში და უფრო მაღალია შანსი მიიღოს სესხი, განვადება და სხვა მომსახურება.
15. ვადაგადაცილება
თუ ადამიანი შეთანხმებულ შენატანს ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკით არ ფარავს, ფიქსირდება ვადაგადაცილება. მისი შედეგები კონკრეტულ ხელშეკრულებაზეა დამოკიდებული. როგორც წესი, ფინანსური ინსტიტუტი აწესებს ჯარიმებს, რომელიც კონკრეტულ პროდუქტზე და გადახდის გრაფიკის სპეციფიკაზეა დამოკიდებული.
აუცილებელი არაა, ხელშეკრულების ყველა დეტალი ზეპირად დაიმახსოვროთ. მაგრამ მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, კონკრეტულად რაზე აწერს ხელს და რა პირობებში უნდა გაერკვეს გადაწყვეტილების მიღებამდე. სესხის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს ვადა, ეფექტური განაკვეთი და დაფარვის გრაფიკი, ვალუტის გაცვლისას კი კონკრეტული ყიდვის ან გაყიდვის კურსი და შესაძლო საკომისიო. ვინც საბაზისო ფინანსურ ტერმინებში ერკვევა, მათთვის ყოველთვის უფრო მარტივია კონკრეტული პირობების გაგება და ახალი ვალდებულების გათვალისწინებით ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა.
EN








